მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის დელეგაციასთან ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილა
25 ივნისი 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ბანკის ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ნანდიტა პარშადი ხელმძღვანელობს.
მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა მყარი ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.
EBRD-ის 7 მილიონი ევროს ოდენობის თანადაფინანსებით ხორციელდება ქვემო ქართლში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა და მისი აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით იგეგმება ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება. პროექტის მიზანია მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა, მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებით და მანქანებით.
ამ ეტაპზე მიმდინარებს საქართველოს სახიფათო ნარჩენების პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა, რაც გულისხმობს ორი ინტეგრირებული მართვის ობიექტის მოწყობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რისთვისაც დაგეგმილია ჯამში 24 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა EBRD-ის და ასევე 6 მილიონი კაპიტალური გრანტის გამოყოფა ევროკავშირის მიერ.
საუბარი ასევე შეეხო სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება, მათ შორისაა: ქვეშეთი-კობის გვირაბის, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდისა და ქობულეთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და ენერგო-ეფექტურობის კომპონენტით საჯარო შენობების რეაბილიტაცია.